სენსაცია ეროვნულ ლიგაში - „ჩიხურამ“ „დინამოს“ მოუგო, „მერანი“ მეორე ლიგაში დაქვეითდა
სენსაცია ეროვნულ ლიგაში - „ჩიხურამ“ „დინამოს“ მოუგო, „მერანი“ მეორე ლიგაში დაქვეითდა

ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრა საჩხერეს „ჩიხურასა“ და „დინამო თბილისს“ შორის, რომელიც თბილისის „მიხეილ მესხი2 – არენაზე“ გაიმართა, მოულოდნელი და საინტერესო სცენარით წარიმართა და სენსაციური შედეგით დასრულდა.

თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საჩხერელებს ვერაფერი მოუხერხეს. „ჩიხურა“ მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდა და მე-17 წუთზე ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა – ოთარ ჯავაშვილის გადაცემა კახა კახაბრიშვილმა ლამაზი გოლით დააგვირგვინა.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო სანახაობრივად და საინტერესოდ წარიმართა – „დინამო“ მთელი ძალებით უტევდა, საჩხერელებმა კი რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა წამოიწყეს და გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ სიზუსტე დააკლდათ. თუმცა „დინამოს“ კარი მეორედ მაინც აიღეს – ალან მისტულოვის გადაცემის შემდეგ 85-ე წუთზე ლუკა კიკაბიძე დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 საჩხერელთა სასარგებლოდ.

17 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ 34 ქულით დარჩა და ბათუმის „დინამოსთან“ (32 ქულა) უპირატესობა ვერ გაზარდა, ხოლო საჩხერეს „ჩიხურამ“ 12 ქულა დააგროვა და პლეი აუტში მონაწილეობას ვერ გადაურჩა. მაგრამ ამ მოგებით თბილისის „მერანს“ 6 ქულით გაასწრო, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა.