სენსაცია ეროვნულ ლიგაში - აუტსაიდერმა „სამტრედიამ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT
სენსაცია ეროვნულ ლიგაში - აუტსაიდერმა „სამტრედიამ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 31-ე ტური სენსაციური შედეგით დაიწყო. „სამტერდიამ“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გათამაშების ლიდერი, ბათუმის „დინამო“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ „სამტრედიასთვის“ ქულაც მისაღები უნდა ყოფილიყო, რადგან შეხვედრის არბიტრმა შეტევის შეჩერებისთვის 45-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშე გიორგი ახალაძე მოედნიდან გააძევა.

58-ე წუთზე ბათუმელებს დაწინაურების რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირის, გიორგი ფანცულაიას დარტყმული ბურთი „სამტრედიას“ მეკარე ბექა ქურდაძემ მოიგერია, რომელიც წლევანდელი სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა.

ერთადერთი გოლი კი 90-ე წუთზე „სამტრედიას“ ნახევარმცველმა ანატოლი მესიაჩენკომ გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა 1:0.

სამტერდიასთვის“ არანაკლებ სასიხარულო ამბავი მოხდა ფოთის „ფაზისი – არენაზე“, სადაც ქობულეთის „შუქურამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე სტუმართა კაპიტანმა დავით უბილავამ გაიტანა.

31 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ (64) ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ „დინამო თბილისს“ (57) სხვაობის შემცირების შანსი მისცა, ხოლო „სამტრედია“ (20) ქობულეთის „შუქურას“ (26) დაეწია და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი დაიტოვა. „ლოკომოტივმა“ (47) ასევე მინიმუმამდე შეამცირა „საბურთალოსთან“ (50) და გორის „დილასთან“ (50) ჩამორჩენა.

დატოვე კომენტარი