სენატორმა ელიზაბეტ უორენმა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინა
სენატორმა ელიზაბეტ უორენმა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

დემოკრატმა სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. მასაჩუსეტსის შტატის სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 69 წლის პოლიტიკოსი ქალაქ ლოურენსში მხარდამჭერებს შეხვდა.

წინასაარჩევნო კამპანიის პირველ შეხვედრაზე სენატორმა მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. პოლიტიკოსის თქმით, თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი საკუთარი ქმედებებით ქვეყანას ზიანს აყენებს.

„ადამიანი, რომელიც ახლა თეთრ სახლში იმყოფება, ამერიკაში არსებული ფალსიფიცირებული სისტემის შედეგია, რომელიც მხარს უჭერს მდიდრებს და ძლიერებს“, – განაცხადა სენატორმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.

69 წლის ელიზაბეტ უორენი წარსულში იურისპრუდენციის ლექტორი იყო. სენატორად კი პირველად 2012 წელს აირჩიეს. ამ მომენტისთვის უორენი დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანდიდატია. მის მთავარ კონკურენტად დემოკრატიულ პარტიაში ბერნი სანდერსი მიიჩნევა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, ქვეყნის მოქმედი პირველი პირი, დონალდ ტრამპი მასში მონაწილეობას მიიღებს.

დატოვე კომენტარი