სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ რაოდენობასს მიაწვდის
სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ რაოდენობასს მიაწვდის

აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ რაოდენობას მიაწვდის, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა დაელოდოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლას 14 ივლისს.

ლინდსი გრემმა ასევე თქვა, რომ არ სურს, წინასწარ ისაუბროს დეტალებზე, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ ევროპელი მოკავშირეებისთვის უზარმაზარი რაოდენობის იარაღის გაყიდვას დაიწყებს, რაც უკრაინისთვის სასარგებლო იქნება.

გრემმა დასძინა, რომ ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებზე დაყოლიების რამდენიმეთვიანი მცდელობის შემდეგ, ახლა გარდამტეხი მომენტია.

„ტრამპმა რუსეთს კარი ღია დაუტოვა და ეს კარი მალე დაიხურება. შეერთებული შტატების სენატში კონგრესის სანქციების 85 თანასპონსორი მყავს. ტრამპს აქვს ურო პუტინის ეკონომიკისა და ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიც მის საომარ მანქანას უჭერენ მხარს. ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია რუსეთიდან ყიდულობენ ნავთობს, ნავთობპროდუქტებსა და სხვა საქონელს. პუტინი ამ ფულს ომისთვის იყენებს. კონგრესის ეს პაკეტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, პრეზიდენტ ტრამპს მისცემს შესაძლებლობას, დაუწესოს 500-პროცენტიანი ტარიფები ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ეხმარება რუსეთს და მხარს უჭერს პუტინის საომარ მანქანას. მას შეუძლია, გაზარდოს ან შეამციროს ტარიფები. მას შეუძლია 0 პროცენტამდე ან 500 პროცენტამდე ავიდეს. მას აქვს მაქსიმალური მოქნილობა. ეს ნამდვილად ძლიერი უროა, რომელიც ტრამპს აქვს ამ ომის დასასრულებლად“, – აღნიშნა ლინდსი გრემმა.