სენატორი ელიზაბეთ უორენი აშშ-ის საარჩევნო სისტემის გადახედვის ინიციატივით გამოდის
სენატორი ელიზაბეთ უორენი აშშ-ის საარჩევნო სისტემის გადახედვის ინიციატივით გამოდის

დემოკრატი სენატორი ელიზაბეთ უორენი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წაყენებას გეგმავს, აშშ-ის საარჩევნო სისტემის გადახედვის ინიციატივით გამოდის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სენატორი საარჩევნო კოლეგიის გაუქმების წინადადებით გამოდის.

ელიზაბეთ უორენი მიიჩნევს, რომ აშშ-ის კონსტიტუციაში შესწორების შეტანაა საჭირო, რაც ყველა მოქალაქეს ხმის უფლებას მისცემს. ის გამოვიდა იმ კანონების გაუქმების ინიციატივით, რომლებიც, მისი აზრით, არჩვენების პროცესს ართულებენ.

„ჩემი აზრით, ყველა ხმა მნიშვნელოვანია. ამის განხორციელება შესაძლებელია ხმის მიცემის ეროვნული პროცედურით. ეს ნიშნავს უარი ვთქვათ ამომრჩეველთა კოლეგიაზე“, – განაცხადა უორენმა.

აშშ-ის საარჩევნო წესი დადგენილია ქვეყნის კონსტიტუციით, რომლის მიხედვითაც, თითოეულ შტატს საარჩევნო კოლეგიაში თავისი დელეგატები გააჩნია. თითოეულ შტატს კოლეგიაში ზუსტად იმდენი წარმომადგენელი ჰყავს, რამდენი წარმომადგენელიც ჰყავს კონგრესში. საარჩევნო კოლეგია 538 დელეგატისგან შედგება და პრეზიდენტის თანამდებობის მოსაპოვებლად საჭიროა 270 მათგანის ხმა. ამგვარად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მოქალაქეების უფრო მეტი ხმა დააგროვა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის კენჭისყრაში გაიმარჯვა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, მიმდინარე წელს საარჩევნო კოლეგიის გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო შესწორება კონგრესს წარმომადგენელთა პალატის წევრმა სტივ კოენმა წარუდგინა, თუმცა წარმომადგენელთა პალატას აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე არ გაუტანია.