სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე სწავლება „მტკიცე სული 2019“ საზეიმოდ გაიხსნება
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე სწავლება „მტკიცე სული 2019“ საზეიმოდ გაიხსნება

დღეს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე სწავლება „მტკიცე სული 2019“ (Agile Spirit 2019) საზეიმოდ გაიხსნება.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, რომელშიც 14 ქვეყანა მონაწილეობს, 9 აგვისტოს ჩათვლით სამ ლოკაციაზე გაიმართება.

სწავლება „მტკიცე სული“ საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანი არის მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.

წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.