სებასტიან ფეტელმა სინგაპურის ღამის რბოლა მოიგო
სებასტიან ფეტელმა სინგაპურის ღამის რბოლა მოიგო

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა შეწყვიტა 22-რბოლიანი წარუმატებელი სერია და 2019 წლის სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწია. „ფერარის“ პილოტისთვის ეს იყო მეხუთე მოგება სინგაპურის საქალაქო ტრასაზე. გერმანელმა თავის პარტნიორს შარლ ლეკლერს უკეთ არჩეული სტრატეგიის წყალობით აჯობა.

პოულის მფლობელმა ლეკლერმა შეძლო სტარტზე ლიდერობის შენარჩუნება და აკავებდა ლუის ჰემილტონს ერთ-ორი წამის მანძილზე.

მე-19 წრეზე ლიდერებს შორის პირველი შევიდა ბოქსებში სებასტიან ფეტელი და მას მიჰყვა მაქს ფერსტაპენი. ორივე მოგებული დარჩა ადრეული გაჩერებით: ერთი წრის შემდეგ ბოქსებში შესულმა ლეკლერმა ფეტელს ლიდერობა გადაულოცა, ხოლო ფერსტაპენმა, თავს მხრივ, ჰემილტონს გაუსწრო. ლუისმა 26-ე წრემდე არ შეცვალა საბურავები და იმედოვნებდა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოჩენას, მაგრამ, ბოლოს მაინც დანებდა, ამასთან, კინაღამ წინ გაუშვა ვალტერი ბოტასი – “მერსედესი” ხელოვნურად აყოვნებდა ფინელ პილოტს.

მხოლოდ პიტსტოპების შემდეგ გამოჩნდა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა, თანაც სამჯერ, მაგრამ ამას არ უმოქმედია ძალთა განლაგებაზე. ბოლო ათმა წრემ მშვიდად ჩაიარა: ფეტელმა რესტარტზე არ მისცა ლეკლერს შეტევის საშუალება და ორი წამით დაშორდა მას. ამასთან, ლეკლერი რბოლის მეორე ნაწილში მუდმივად მიანიშნებდა რადიოში, რომ სწორედ სტრატეგიის გამო დაკარგა ლიდერის პოზიცია და “ფერარის” გუნდური ტაქტიკა უნდა გამოეყენებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ასეა თუ ისე, იტალიურმა გუნდმა 2017 წლის “ჰუნგარორიგნის” შემდეგ პირველად მოიპოვა დუბლი.

თავის მხრივ, მაქს ფერსტაპენმა მოიგერია ლუის ჰემილტონის შეტევები მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. ვალტერი ბოტასი მეხუთე ადგილზე გავიდა. ჰემილტონსა და ბოტასს შორის სხვაობა ისევ 60 ქულას აჭარბებს, ჩემპიონატის დასრულებამდე კი ექვსი ეტაპის დარჩენილი.

შემდეგი რბოლა ერთი კვირის შემდეგ, რუსეთში გაიმართება.

დატოვე კომენტარი