საზონოვით იტალიური კლუბების დაინტერესება დაადასტურეს #1TVSPORT
საზონოვით იტალიური კლუბების დაინტერესება დაადასტურეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებში გამოძახებული საბა საზონოვით იტალიური გუნდები დაინტერესდნენ, მაგრამ ჯერ კლუბი მის გაშვებას არ ჩქარობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სპორტ 24“ ავრცელებს.

„საზონოვის მიმართ იტალიის კლუბების ინტერესს რაც შეეხება – კლუბში დაადასტურეს, რომ საბამ დიდი ევროპული კლუბების სკაუტების ყურადღება იმ პერიოდში მიიქცია, როცა მოსკოვის „დინამოს“ მთავარ გუნდში დაიწყო თამაში. ასე რომ, იტალიელთა ინტერესი რეალურია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ინტერესი მაშინაც იყო, როცა საზონოვი „დინამოში“ გადადიოდა. მაშინ კლუბის კონკურენტი ესპანური „ესპანიოლი“ იყო.

რეალურია თუ არა ამ დროისთვის საზონოვის გაშვება? კლუბში მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელი არ უნდა შეაფერხონ, თუ ჩავთვლიან, რომ გადასვლისთვის შესაფერისი დროა – როგორც კლუბის ინტერესების, ასევე მოთამაშის განვითარების თვალსაზრისით. ჯერ ეს მომენტი არ დამდგარა“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საზონოვმა არჩევანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. ვილი სანიოლმა ის ნაკრებში მეორედ გამოიძახა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებთან მატჩისთვის (28 მარტს) ემზადება.

„საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი არაერთხელ დაგვიდასტურა. თუ მივიჩნევ, რომ ის დაგვეხმარება ნორვეგიასთან შეხვედრაში, აუცილებლად ითამაშებს. ნოემბრის შეკრებაზე პროფესიონალური მიდგომა მაჩვენა და მისი საქართველოს ნაკრებში ყოფნით ბედნიერი ვარ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.