საზონოვის მამა - საბას არავისთვის უღალატია, ორი სამშობლო აქვს და საქართველო აირჩია #1TVSPORT
საზონოვის მამა - საბას არავისთვის უღალატია, ორი სამშობლო აქვს და საქართველო აირჩია #1TVSPORT

ანდრეი საზონოვმა კომენტარი გააკეთა შვილის, საბა საზონოვის არჩევანზე – მოსკოვის „დინამოს“ 20 წლის ნახევარმცველმა (რომელიც დედით ქართველაი და საქართველოს მოქალაქეობა აქვს) რუსეთის სახელით თამაშს საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა ამჯობინა.

ანდრეი საზონოვმა რუსეთში მისი შვილის მიმართ წამოწყებულ აგრესიას გამოცემა Sport24-თან უპასუხა და განაცხადა, რომ საბასთვის საქართველო მეორე სამშობლოა.

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საბას არასოდეს და არავისთან არ უთქვამს თანხმობა რუსეთის ნაკრებში თამაშზე. ინფორმაცია, რაზეც ახლა მიხეილ გალაკტიონოვი და დიმიტრი ხომუხა (რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები) საუბრობენ, სიცრუეა (საუბარია იმაზე, რომ საზონოვმა გასულ კვირას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება მიიღო. – Sport24).

საბას გალაკტიონოვთან შეხება არ ჰქონია, ხომუხასთან მუშაობდა – დიმიტრიმ კი მშვენივრად იცის, როგორი ფეხბურთელია. ახლა მით უფრო გასაკვირია მისი სიტყვები საბას „არაკეთილსინდისიერ ქცევაზე“. ჩემთან საბას ტყუილი არასდროს უთქვამს.

რუსეთის საფეხბურთო კავშირთან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. რაც შეეხება მომდევნო ამხანაგურ მატჩებზე მოწვევას, საბა შეკრებაზე წასვლას არ დათანხმდა. ახლანდელი მოწვევა ფორმალობა იყო. მოწვევა მას შემდეგ მოვიდა, რაც საბამ საქართველოში თამაში გადაწყვიტა. ამიტომ რუსეთის ნაკრების დღევანდელ გამოწვევაზე უარი ვთქვით. კონკრეტული წინადადებით პირველმა მოგვმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. მიწვევა იყო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გუნდში საბას ხილვა სურთ. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა.

ახლა იწყებენ რაღაც ღალატზე საუბარს, მაგრამ საბას ორი სამშობლო აქვს და ერთ-ერთი მშობლის ქვეყანა აირჩია. ამაში ცუდსა და კრიმინალურს ვერაფერს ვხედავ. საქართველო აირჩია პროფესიული ზრდის მეტი შესაძლებლობების გამო. მას სურს გახდეს მსოფლიო დონის ფეხბურთელი. დიდი ამბიციები გვაქვს. ხვიჩა მაგარია. კალაძის დროიდან დღემდე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი არ ყოფილა. ადრე – იყო, მაგრამ ეს საბჭოთა კავშირის დროს. თანამედროვე ისტორიაში, კალაძის შემდეგ, არ არსებობდა ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ასახელებდა. ასეთი გახდა ხვიჩა. იმედია, შემდეგი ჩვენ ვიქნებით“, – განაცხადა ანდრეი საზონოვმა.