საზონოვი კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა, ის ყველას გამოადგება - ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ახალწვეულზე ისაუბრა #1TVSPORT
საზონოვი კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა, ის ყველას გამოადგება - ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ახალწვეულზე ისაუბრა #1TVSPORT

„საბა საზონოვმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა“ – მოსკოვის „დინამოდან“ მოწვეულ მცველზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ისაუბრა.

„საბამ ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც პიროვნულად, ასევე წმინდა საფეხბურთო კომპონენტებით. ჰქონდა ადაპტაციის მომენტი. თუმცა, პერსპექტიული ბიჭია და დარწმუნებული ვარ, დროის გასვლის შემდეგ ის გამოგვადგება როგორც ახალაგზრდულ, ასევე ეროვნულ ნაკრებსაც. დიახ, საბა ევრო 2023-ზე ჩვენს გაფართოებულ განაცხადში მოიაზრება, დანარჩენი ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ მისი იმედი გვაქვს და მან ეს ყველაფერი იცის. მან უნდა გააგრძელოს წინსვლა და თამაში, როგორც დღეს არის და დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველას (ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს) გამოადგება“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.

მოსკოვის „დინამოს“ ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრების სახელით (და არა რუსეთის) გამოსვლა წელს გადაწყვიტა და ჩვენი ქვეყნის 21-წლამდელთა სახელით პორტუგალიისა და თურქეთის ახალგაზრდული ნაკრებების წინააღმდეგ უკვე ითამაშა.

გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდა მოთამაშით სერია A-ს „ლაციო“ დაინტერესდა. გამოცემა Sport24-ის მტკიცებით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველის ტრანსფერზე მუშაობა გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული, მაგრამ გარიგება იტალიაში არაევროკავშირელ ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის გამო ჩაიშალა.