სავსე ტრიბუნები ქუთაისში და ჯოვინოს გაბრწყინება - კვარაცხელიამ ისევ გაიტანა #1TVSPORT
სავსე ტრიბუნები ქუთაისში და ჯოვინოს გაბრწყინება - კვარაცხელიამ ისევ გაიტანა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ეროვნულ ლიგაში მორიგი ელამაზესი გოლი გაიტანა.

შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდა – მატჩს დააახლოებით 14 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველოს ჩემპიონმა პირველივე ტაიმი დამაჯერებლად დაიწყო და დამაჯერებლად გაიმარჯვა, რაშიც ჯოვინო ფლამარიონმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ბათუმელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა „დინამო“ დუბლით პირველივე ტაიმში დააწინაურა. მან ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, ხოლო 25-ე წუთზე ქუთაისელებს მეორედ გაუტანა და 9 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირებში დაწინაურდა.

თავი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჯოვინოს გადაცემით 64-ე წუთზე ისარგებლა, გოლი კი ეფექტური მოჭრილი დარტყმით გაიტანა და კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი დააგროვა.

ბათუმის „დინამომ“ 3:0 მოიგო, პირველი წრე 22 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ 11 ქულით მე-7 პოზიციაზეა.