სავსე ტრიბუნები და ბათუმელთა შოუ ორი „დინამოს“ მატჩში - ლიდერმა თბილისური გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა [ფოტო] #1TVSPORT
სავსე ტრიბუნები და ბათუმელთა შოუ ორი „დინამოს“ მატჩში - ლიდერმა თბილისური გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა [ფოტო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მესამე წრის ცენტრალური შეხვედრა ბათუმის არენაზე გაიმართა – გათამაშების ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ მეორე პოზიციაზე მყოფ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა.

ბათუმში ორი „დინამოს“ ელიგის მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა – შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი თამაშამდე 5 საათით ადრე გაიყიდა. ტრიბუნაზე იდეალური საფეხბურთო ატმოსფერო იყო.

გულშემატკივრებისგან გამხნევებულმა ბათუმელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს და ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს. ზურიკო დავითაშვილის დარტყმას ჯოვინო ფლამარიონმა ფეხი დაახვედრა და „დინამო თბილისის“ კარი აიღო. ეს ბრაზილიელი ლეგიონერის მიერ გატანილი მე-14 გოლი იყო და ბომბარდირთა დავაში კონკურენტებს კიდევ უფრო გაასწრო.

25-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს. ბათუმელთა ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრთან მიიღო, კარისკენ დაიძრა და ორ მეტოქეს შორის იდეალური სიზუსტით დაარტყა – 2:0.

43-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა. კუთხური ზურიკო დავითაშვილმა მოაწოდა, ბურთისთვის ბრძოლა ოლეკსანდრე აზაცკიმ მოიგო და კარის წინ ბენჯამინ ტეიდი მონახა, რომელმაც ახლოდან თავით ზუსტად დაარტყა – 3:0.

მეორე ტაიმი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის შემცირება მოახერხეს. სტანისლავ ბილენკის გადაცემით 59-ე წუთზე დავით სხირტლაძემ ზუსტად დაარტყა 3:1. მაგრამ 90+3-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც ორი გოლი შექმნა, თავადაც გაიტანა.

ეს სანახაობრივი მატჩი ბათუმელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა 4:1 – გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ 47 ქულა დააგროვა და კონკურენტ „დინამო თბილისთან“ (38) უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა.