Save the Children - იემენში ბოლო სამი წლის განმავლობაში 85 000 ბავშვი შესაძლოა, შიმშილის შედეგად დაიღუპა
Save the Children - იემენში ბოლო სამი წლის განმავლობაში 85 000 ბავშვი შესაძლოა, შიმშილის შედეგად დაიღუპა

იემენში ბოლო სამი წლის განმავლობაში, 85 000 ბავშვი შესაძლოა, შიმშილის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ Save the Children-ი იუწყება.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის განმარტებით, შიმშილის შედეგად დაღუპული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა ძალიან რთულია, რადგან ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მხოლოდ ნახევარი ფუნქციონირებს. მოქმედი საავადმყოფოები კი, იემენის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ფინანსურად მიუწვდომელია.

სწორედ ამიტომ, მსგავსი ფატალური შემთხვევების დიდი ნაწილი აღრიცხული არ არის.
ამის მიუხედავად, Save the Children-ის წარმომადგენლებმა გაერო-ს ანგარიშების საშუალებით, იემენში არსებული ვითარება დეტალურად შეისწავლეს და ბავშვების შიმშილის ის შემთხვევებიც განიხილეს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხული არ არის.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის კვლევაში 5 წლამდე ბავშვები მოხვდნენ. შედეგად, Save the Children-ის წარმომადგენლებმა საგანგაშო სტატისტიკა მიიღეს. 2015 წელს დაწყებული მარიონეტული ომის შემდეგ, იემენში 5 წლამდე 85 ათასი ბავშვი შესაძლოა, შიმშილის შედეგად დაიღუპა.

საერთაშორისო უფლებადამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები იემენში არსებული მასობრივი შიმშილის ერთ-ერთ მიზეზად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილების ბლოკირებას ასახელებენ.

ჰოდეიდას პორტი, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში იმპორტის 90 პროცენტი შედიოდა, ახლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ბრძოლის ეპიცენტრია.

გაერო-ს მონაცემებით, იემენში სამწლიანი სამოქალაქო ომის ფარგლებში სულ მცირე 6800 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10 700 კი, დაშავდა. საომარი მოქმედებების გამო 22 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.