სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ცენტრალურ ბანკებს ურჩევს, ციფრული ვალუტის გამოშვებაზე იფიქრონ
სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ცენტრალურ ბანკებს ურჩევს, ციფრული ვალუტის გამოშვებაზე იფიქრონ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ქრისტინ ლაგარდი ცენტრალურ ბანკებს ურჩევს, ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე დაფიქრდნენ. ლაგარდის აზრით, ამის შედეგად ციფრულ ვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციები უფრო უსაფრთხო გახდება, ხოლო მომხმარებელი უფრო დაცული იქნება.

ამის შესახებ ლაგარდმა სინგაპურში, 14 ნოემბერს გამართულ ფინანსური ტექნოლოგიების ფესტივალზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ცნობილია, რომ ციფრული ვალუტით, ე.წ. კრიპტოვალუტით გადახდები წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, რადგან კრიპტოვალუტა ფაქტობრივად რეგულირების მიღმა დგას. შესაბამისად, ბევრად იაფია, ვიდრე საბანკო გადარიცხვები და ანონიმურობაც დაცულია.

ამ ტიპის გადახდებში ტრანზაქციები მხოლოდ ორ პირს შორის ხორციელდება და ინფორმაცია რომელიმე მესამე მხარისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მათ შორის არც ცენტრალური და კომერციული ბანკებისთვის. თუმცა ასეთი ანონიმურობა კრიმინალის, ტერორიზმის დაფინანსებისა და კიბერდანაშაულის საფრთხესაც ზრდის და მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყნის ხელისუფლებასა და ცენტრალურ ბანკს დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.

ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ორგანოები დიდი ხანია შეშფოთებას გამოთქვამენ ციფრული ფულის მზარდი პოპულარობის გამო და საკითხის ფართომასშტაბიან განხილვას ითხოვენ. სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი თვლის, რომ ამ პრობლემიდან ერთ-ერთი გამოსავალი ეროვნული ბანკების მიერ ციფრული ვალუტის გამოშვება იქნება.

ლაგარდის განმარტებით, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა არა კერძო კომპანიის, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროში მოექცევა, როგორც ეს ხდება ნაღდი ფულის შემთხვევაში, რაც კრიპტოვალუტაში განხორცილებული ტრანზაქციების უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს.

„ამ შემთხვევაში სახელმწიფოს გარკვეული ფუნქცია ექნება, რომ ციფრულ ეკონომიკას ფული მიაწოდოს…ამის უპირატესობა ნათელია. გადახდები იქნება მყისიერი, უსაფრთხო, იაფი და ნახევრად ანონიმური. ხოლო ცენტრალური ბანკები გადახდებთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნებიან,“- განაცხადა ლაგარდმა კონფერენციაზე.

ლაგარდი ვარაუდობს, რომ ასეთი ღონისძიების შედეგად, ვირტუალურ ფულად გადარიცხვებზე მოთხოვნა გაიზრდება, ტრანზაქციები კი მომხმარებლისთვის უფრო უსაფრთხო და იაფი იქნება, რადგან რაც უფრო მეტია მოთხოვნა, მით იაფია მომსახურება.
ლაგარდის განცხადებით, კანადის, ჩინეთის, შვედეთისა და ურუგვაის ცენტრალური ბანკები უკვე სერიოზულად ფიქრობენ ციფრული ვალუტის გამოშვებაზე. თუმცა, რადგან ციფრული ვალუტის მიმართ სახელმწიფოებში ერთიანი მიდგომა არ არის, ამიტომ საკითხი კარგად უნდა იქნეს შესწავლილი.