საუდის არაბეთში ქალთა საფეხბურთო ლიგა იქმნება - 2018 წლამდე იქ ქალებს თამაშზე დასწრება ეკრძალებოდათ
საუდის არაბეთში ქალთა საფეხბურთო ლიგა იქმნება - 2018 წლამდე იქ ქალებს თამაშზე დასწრება ეკრძალებოდათ

საუდის არაბეთის მთავრობამ ქვეყანაში ქალთა საფეხბურთო ლიგის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ეს სიახლე ჟურნალისტებს აცნობა სამეფო დინასტიის პრინცმა, ინვესტორმა და მეწარმემ ჰალედ ბინ ალ-ვალიდ ბინ ტალალმა.

„საუდის არაბეთში ქალთა საფეხბურთო ლიგის შექმნა – ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, თითოეული სპორტსმენი სრულფასოვნად აღიზარდოს“, – მოჰყავს ბინ ტალალის სიტყვები CNN-ს.

ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საუდელ ქალებს, ძირითადად, ეკრძალებოდათ საჯაროდ სპორტში ვარჯიში, მაგრამ ქვეყანაზე სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციიდან ზეწოლის შედეგად, სიტუაცია თანდათან შეიცვალა.

საუდის არაბეთის ქალთა პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი იქნება დაახლოებით 113 ათასი დოლარი. პირველ სეზონში თამაშების დიდი ნაწილი გაიმართება ელ-რიადში, ჯიდასა და ელ-დამამში.

2017 წელს, საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილების მართვის უფლება მისცეს, 2018 წელს კი საფეხბურთო მატჩებზე დასწრების ნება დართეს. 2019 წლის აგვისტოდან, მოიხსნა მეურვე მამაკაცის ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვა.