საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა საწვავზე ფასების ზრდის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა 
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა საწვავზე ფასების ზრდის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა 

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა, საწვავზე გადასახდის ზრდის მცდელობის გამო, სფარანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა, ევროპის სხვა ქვეყნები კი გააფრთხილა, რომ საწვავის ფასის ზრდას რისკები ახლავს.

კრიტიკული შენიშვნები ალ-ფალიჰმა პოლონეთში გაერთიანებული ერების მიერ გამართული შეხვედრისას ინტერვიუში გამოთქვა. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნავთობის უმსხვილესმა ექსპორტიორმა ქვეყანამ, საუდის არაბეთმა ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების მიერ გატარებულ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე კრიტიკული პოზიცია ღიად გამოთქვა.

„რაც საფრანგეთში და ევროპის ბევრ ქვეყანაში ხდება არის ის, რომ მთავრობა ენერეგეტიკაზე გადასახადის გაუმართლებელი ზრდის მეშვეობით, ფაქტობრივად, პოლიტიკის სხვა მიმართულებების სუბსიდირებას ახდენს,“ განაცხადა ალ-ფალიჰმა.

მისივე განმარტებით, საწვავზე გადასახადის ზრდა აბათილებს საუდის არაბეთის მცდელობას, რომ ევროპა საწვავით უხვად და ხელმისაწვდომ ფასებში მოამარაგოს.

„საუდის არაბეთმა ბოლო 6 თვის მანძილზე უამრავი საწვავი გაიტანა ბაზარზე. ამის მიზეზი ის არის, რომ გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ენერეგორესურსების მიწოდება უხვია და ხელმისაწვდომი. მაგრამ მომხმარებელი ქვეყნები ადგნენ და საწვავზე გადასახადები ზედიზედ გაზარდეს, რის შედეგადაც მიწოდების სიჭარბე გაბათილდა. ეს არ არის სამართლიანი“,- განაცხადა ალ-ფალიჰმა.

ანალიტიკოსების აზრით, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის კომენტარი ეწინააღმდეგება მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციას, რომელიც წიაღისეული საწვავის შემცირებას ისახავს მიზნად, რათა გლობალური დათბობის შედეგები შეარბილოს.

როგორც ცნობილია, წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირების მიზნით, პრეზიდენტი მაკრონი საწვავზე გადასახადის ზრდას გეგმავდა, რაც საწვავის ფასის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევდა. შედეგად, ქვეყანაში ძლიერი საპროტესტო ტალღა აგორდა. პროტესტმა იმდენად რთული ფორმები მიიღო, რომ საფრანგეთის მთავრობამ დღეს საწვავზე გადასახადის ზრდის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.