საუდის არაბეთი „თალიბანს“ მოუწოდებს, შეინარჩუნონ ადამიანთა სიცოცხლე, ქონება და უსაფრთხოება
საუდის არაბეთი „თალიბანს“ მოუწოდებს, შეინარჩუნონ ადამიანთა სიცოცხლე, ქონება და უსაფრთხოება

საუდის არაბეთი „თალიბანს“ მოუწოდებს, შეინარჩუნონ ადამიანთა სიცოცხლე, ქონება და უსაფრთხოება „ისლამური პრინციპების“ შესაბამისად. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„სამეფო მხარს უჭერს არჩევანს, რომელსაც ავღანელი ხალხი ჩარევის გარეშე აკეთებს. ისლამის კეთილშობილური პრინციპებიდან გამომდინარე, საუდის არაბეთის სამეფო იმედოვნებს, რომ „თალიბანი“ და ავღანეთის ყველა მხარე იმუშავებენ უსაფრთხოების, სტაბილურობის, ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების შენარჩუნებაზე“, – ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, ყატარში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ავღანეთში ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ დიპლომატების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების ამ ქვეყნიდან ევაკუაციის მცდელობებს.
„საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებულია მოვლენების სწრაფი განვითარებით და ყატარი ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს მშვიდობიანი გადაბარება, განსაკუთრებით შექმნილი ვაკუუმის პირობებში“, – განაცხადა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.

ბაჰრეინი, რომელიც „სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყნის თანამშრომლობის საბჭოს“ ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ იწყებს კონსულტაციებს ყურის არაბულ სახელმწიფოებთან ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.