სასტარტო და ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - მამუკელაშვილის 13 ქულა „ჩიკაგოსთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის დაწყებამდე 1 კვირაა დარჩენილი. მანამდე კი გუნდები თავიანთ ბოლო წინასასეზონო შეხვედრებს მართავენ. აბუ-დაბიდან ჩამოსვლის შემდეგ პირველი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“, რომელიც „ჩიკაგო ბულსს“ ესტუმრა და 104-127 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32 წუთი ითამაშა. მამუკელაშვილს სოლიდური სტატისტიკა ჰქონდა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – მის ანგარიშზე 13 ქულა, 9 მოხსნა (1 შეტევაში), 4 პასი და 3 ჩაჭრაა. მან 5-დან 1 სამქულიანი, 4-დან 2 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია ისიც, რომ ის მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

სანდროს მოხსნებში თავისი გუნდის მხრიდან საუკეთესო შედეგი ჰქონდა, „ბულსიდან“ კი მხოლოდ ნიკოლა ვუჩევიჩმა აჯობა, რომელმაც 11 მოხსნასთან ერთად 17 ქულა დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქულებში საუკეთესო 25 ქულით ჯორდან ნვორა იყო.

შემდეგ შეხვედრას „მილუოკი ბაქსი“ 13 ოქტომბერს „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავს, რომელიც პრესეზონში ბოლო მატჩი იქნება.