ბათუმის „რაგბი არენაზე“ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის, „კოკა-კოლას თასის“ საიუბილეო, 25-ე გათამაშების ფინალური მატჩები ჩატარდა და 2019 წლის გამარჯვებული გამოვლინდა.
„კოკა-კოლას თასის“ წლევანდელ გათამაშებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1089 სკოლის 13 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვაჟთა შორის 16-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა.
2019 წლის ვაჟთა გათამაშების ფინალში აფხაზეთის მე-15 და თბილისი 39-ე საჯარო სკოლების დაპირისპირება პირველის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მესამე ადგილისთვის ბოლნისის პირველმა საჯარო სკოლამ ახმეტის პირველი საჯარო 3:1 დაამარცხა.
ტურნირის საზეიმო ცერემონიაზე გუნდებს და მოთამაშეებს თასები, მედლები და ინდივიდუალური ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და „კოკა-კოლას“ საერთო პროექტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. სასიამოვნოა, რომ 2019 წლის გათამაშებაში უპრეცენდენტოდ ბევრი სკოლა და მოთამაშე მონაწილეობდა. უკვე 25 წელია, ეს ტურნირი ქართული ფეხბურთს ეხმარება და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. აქვე მსურს წლევანდელი სეზონის გამარჯვებულს, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის გუნდს მივულოცო და გუნდის თითოეულ მოთამაშეს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ვუსურვო. მომავალ წლებში „კოკა-კოლას თასი“ აუცილებლად გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ტურნირზე კიდევ უფრო მეტი ბავშვი ითამაშებს“ – ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.