სასიამოვნო და სასარგებლო შეკრება - „გარეჯმა“ უკრაინელებთან მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
სასიამოვნო და სასარგებლო შეკრება - „გარეჯმა“ უკრაინელებთან მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

საგარეჯოს „გარეჯი 1960“-მა თურქულ შეკრებაზე მორიგი ტესტ-მატჩი გამართა – კახა გოგიჩაიშვილის გაწვრთნილები კიევის „ლივიი ბერეგს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს – 3:1.

საგარეჯოელების მეტოქე, უკრაინული საფეხბურთო კლუბი ქვეყნის ჩემპიონატის მეორე ლიგაში თამაშობს. საერთაშორისო შეხვედრებში „გარეჯი 1960“-მა პირველი გამარჯვება მოიპოვა, რითაც თავის ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი ჩაწერა. გოლები საგარეჯოს გუნდიდან გიორგი ხარებაშვილმა, სტივენ ბერმუდესმა და ირაკლი კლიმიაშვილმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოელებმა თურქულ შეკრებაზე პირველი შეხვედრა ცნობილ პოლონურ კლუბთან, ლოძის „ვიძევთან“ გამართეს და 2:2 დაასრულეს.

„გარეჯი 1960“: სოსო ქარდავა, გიორგი ქავთარაძე, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ვახტანგ კაპანაძე, გურამ ხარებავა, გიორგი პაპუაშვილი, თორნიკე მოსიაშვილი, სტივენ ბერმუდესი, ხავიერ ფრანსისკო ბრავო, ნიკა გალახვარიძე, გიორგი ხარებაშვილი

ცვლილებაზე შევიდნენ: გიორგი კალანდია, არსენიი მურატოვი, ნიკა ხაჭვანი, ირაკლი კლიმიაშვილი, ზურაბ ძამსაშვილი, დავით ებრალიძე

თავისუფალ დროს გუნდელებს მონოტონურ მოსამზადებელ შეკრებაზე ზურაბ ძამსაშვილი ართობს – ვეტერანი ფეხბურთელის შესრულება უკვე ქართული ინტერნეტ-სივრცის ჰიტად იქცა (იხილეთ ვიდეო). ზურა ძამსაშვილი ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა. პოზიციით ნახევარმცველი 40 წლისაა და უკრაინელების წინააღმდეგ ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბმა „გარეჯი 1960“-მა ასპარეზობა საქართველოს მე-5 ლიგიდან დაიწყო და 3 წელიწადში მე-2 ლიგაში გადმოინაცვლა.