საშა იუნისოღლუ - ქართველებს ფინანსური პრობლემები აქვთ, მაგრამ კარგი ბიჭები ჰყავთ და თამაშს არ დათმობენ #1TVSPORT
აზერბაიჯანული „ნეფთჩის“ ყოფილმა მცველმა, საშა იუნისოღლუმ „დინამო თბილისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩამდე „დინამოსთან“ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.
„გასული სეზონის ბოლოს „ნეფთჩი“ მომეწონა. კერძოდ, გუნდის თამაში, დამოკიდებულება და ერთგულება. თუ ისინი იგივენაირად გააგრძელებენ და ახალწვეულებიც თავს გამოიჩენენ, გაივლიან არა მხოლოდ თბილისის კლუბს, არამედ შემდეგ ეტაპებსაც. ისინი დამსახურებულად გახდნენ ჩემპიონები და ველოდები, რომ „ნეფტჩი“ევროპულ შეჯიბრებებშიც წარმატებას მიაღწევს“, – განაცხადა საშა იუნისოღლუმ.
„ნეფთჩის“ ყოფილმა მცველმა „დინამოს“ შესახებაც ისაუბრა: „არ ვიცი, ახლა თბილისელებს როგორი დონის გუნდი ჰყავთ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ მითამაშია და ვიცი, რომ კარგი ჩემპიონატი აქვთ. იქ ცოტა ლეგიონერია, რაც ფინანსური პრობლემებითაა გამოწვეული, მაგრამ ადგილობრივი ბიჭები კარგები არიან. ისინი გამოირჩევიან თვითდაჯერებულობითა და ტექნიკით, უბრალოდ თამაშს არ დათმობენ. „ნეფთჩისთვის“ ეს ადვილი მატჩები არ იქნება, მეტოქე პრობლემებს შექმნის, მაგრამ ფავორიტად აზერბაიჯანის ჩემპიონი მიმაჩნია“.
„დინამო თბილისისა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შეხვედრა 7 ივლისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.