სასამართლოში „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს
სასამართლოში „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „შეცვალეს“ სამი წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოფისთან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველების განცხადებით, მათ ეს პირები დააკავეს, რადგანაც ისინი გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდნენ და იგინებოდნენ. მათივე თქმით, აღნიშნული პირები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების მოთხოვნებს და ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დააკავეს.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე შსს-მ წარადგინა სამხრე კამერების ჩანაწერები, რომელიც, მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ასახავს. ადვოკატმა მასალების გასაცნობად პროცესის გადადება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ თავად დაკავებულებიც. ბექა პაპაშვილმა აღნიშნა, რომ არ იყო აუცილებლობა, „ქართული ოცნების“ შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაეყვანათ.

„მე ვიმყოფებოდი ქაჯეთის ციხის შესასვლელთან და ვახდენდი პროტესტს, არანაირი აუცილებლობა არ იყო, იქიდან გადავეყვანე. ადგილზე ჩემი მხრიდან არ იყო გამოყენებული ისეთი არაფერი, რომ ვინმეს მიეღო შეურაცხყოფად, ვსკანდირებდი „შესცვალეს“, – თქვა ბექა პაპაშვილმა.

ნიკა ფარულავას თქმით, მას არავინ გაულანძღავს.

„ჩავდიოდი ტროტუარზე, სადაც ტელევიზიაში უნდა მქონოდა ჩართვა, პოლიციამ გადამიღობა გზა და მითხრა რომ არ გამატარებდა, ჩემი კონსტიტუციური უფლების გადაადგილების შეზღუდვაზე მოვითხოვე ახსნა-განმარტება, რაც ვერ მივიღე. როცა ვუთხარი გამატარე, ჩართვა მაქვს ტელევიზიაში-მეთქი, ამ დროს დამაკავეს და აღმოვჩნდი კახეთის გზატკეცილზე პოლიციაში. სიტყვა შესაცვლელია ან შეცვალე – ეს ლანძღვა გინებაა? ლანძღვა-გინება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა“, – განაცხადა ნიკა ფარულავამ.

ოთარ შენგელიას თქმით, მისი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა.

„პირადად მე და რამდენიმემ გამოიყენა სიტყვა „მონა“ და ეს არაა შეურაცხმყოფელი, შეიძლება ეს დადებით კონტექსტშიც განვიხილოთ. გახსოვთ, ალბათ, სპარტაკის დიდი აჯანყება და მეორე დიდი აჯანყება მოხდა, როდესაც ბიძინას აუჯანყდნენ მაჟორიტარები. გახსოვთ, როგორ დათხარეს თვალები 20 ივნისს და ჩვენ ვითხოვდით მთავრობის შეცვლას. ნიკა აძლევდა ტელევიზიას ინტერვიუს და შემდეგ რაც მოხდა, იყო პოლიციის მხრიდან პროვოცირებული“, – თქვა პროცესზე ოთარ შენგელიამ.