სასამართლოში  პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვა მიმდინარეობს
სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს გამოკითხვა მიმდინარეობს. პროცესზე პაატა ბურჭულაძის მეუღლე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, გამოძიების მასალები ცხადყოფს, რომ დოკუმენტაციაში არ იძებნება იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ რამდენად იყო ანგელა ვასილენკოს მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ფონდ „იავნანას“ მიზანი. მისივე თქმით, გამოძიება არ იყო ინფორმირებული, რომ პაატა ბურჭულაძის მეუღლე ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

„ფონდის თანხებიდან დოკუმენტაციის შესწავლა ცხადყოფს, რომ დაახლოებით 700 000 ლარია დახარჯული პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ანაზღაურებისთვის, არ მოიძებნება არაფერი იმის დასადასტურებლად თუ რამდენად იყო ამ ხარჯების ანაზღაურება ფონდის მიზანი. გამოძიება არ იყო წინასწარ ინფორმირებული, რომ ანგელა ვასილენკო აპირებდა ქვეყნის დატოვებას. მას არ ჰქონდა წარმოდგენილი დოკუმენტები“,-განაცხადა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ადვოკატის განცხადებით კი, ანგელა ვასილენკოს ქვეყენაში დაბრუნებით და სასამართლოზე გამოცხადებით გაიფანტა პროკურატურის ეჭვები, რომ ის ხელს უშლიდა გამოძიებას

„პროკურატური ბრალდება უსაფუძვლოა, ვასილენკო ყველა დასმულ შეკითხვას გასცემს პასუხს და მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“,-აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

შეგახსენებთ, ანგელა ვასილენკო სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყნიდან მისი გამგზავრების გამო გამოკითხვა არ შედგა.

მთავარ პროკურატურაში გამოძიება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.