სასამართლომ თეთრ სახლს დაავალა აკრედიტაციის აღდგენა ჟურნალისტისთვის, რომელიც ტრამპს შეეკამათა
სასამართლომ თეთრ სახლს დაავალა აკრედიტაციის აღდგენა ჟურნალისტისთვის, რომელიც ტრამპს შეეკამათა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ თეთრ სახლს CNN-ის ჟურნალისტისთვის ჯიმ აკოსტასთვის სასამართლო დავის დასრულებამდე აკრედიტაციის დროებით აღდგენა დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. როგორც ABC News-ი იუწყება, ტელეკომპანია CNN-ი სასამართლოში შეტანილ სარჩელში აცხადებდა, რომ თეთრ სახლში მისი კორესპონდენტისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას არღვევდა.

„ეს დიდი დღეა პირველი შესწორებისა და ჟურნალისტიკისთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბატონი აკოსტა შეძლებს თეთრ სახლში დაბრუნებას, მიიღებს თავის საშვს და მოამზადებს ახალ ამბებს თეთრი სახლის შესახებ“, – განაცხადა CNN-ის ადვოკატმა ტედ ბუტროსმა.

თავად აკოსტამ მოსამართლესა და კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დროა, დავუბრუნდე სამსახურს“, – აღნიშნა რეპორტიორმა.

ტელეკომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ჯიმ აკოსტას აკრედიტაცია 7 ნოემბერს პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპთან კამათის შემდეგ გაუუქმა.