სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით
სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით. მოტივად ისინი ამომრჩევლის მოსყიდვას ასახელებდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკუთარ სარჩელზე მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრნენ, მათ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და მიზეზად სხდომაზე მოსამართლის პასუხი დაასახელეს.

მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება და სამოტივაციო ნაწილი ცნობილი ხვალ გახდება. მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ გადაწყვეტილება წინსმწრებად მიიღო.

„აზრს ვერ ვხედავთ, დაველოდოთ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას. ვფიქრობთ, რომ მოსამართლის ეს განცხადება მტკიცებულებად გამოგვადგება უკვე სააპელაციო სასამართლოში და შემდგომ უკვე სტრასბურგის სასამართლოში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თავად სასამართლოს მიმდინარეობა კი იყო სრული აბსურდი, სადაც სალომე ზურაბიშვილის და ცესკო-ს წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ, რომ კავშირი ივანიშვილს, ბახტაძეს, კალაძეს, კობახიძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის არ არსებობს. რომ რეალურად, სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც ამ ადამიანებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის უბრალოდ მოსახლეობის დაცინვა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.