სასამართლო სააკაშვილის საქმის ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს
სასამართლო სააკაშვილის საქმის ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

დაცვის მხარე პროცესზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. ალტერნატივის სახით ის სასამართლოს გირაოს შესთავაზებს. ადვოკატ გიორგი გოგინავას განცხადებით, დაკავებულმა პირებმა უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება, თუმცა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

„დუმილის უფლებას იყენებენ. არ გვაქვს მოლოდინები, რომ სასამართლო მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებს. ალტერნატივის სახით შევთავაზებთ გირაოს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. საქმე არის პოლიტიკური, პოლიტიკურ მოტივებზე აწყობილი. ეს ადამიანები არ არიან რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, გამიჯნული არიან პოლიტიკისგან. უბრალოდ, ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს; რასაც ჰქვია, ჩაიხუტეს გულში და ეს დამოკიდებულება აქვთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ და იმის გამო, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ისინი არიან დაკავებული.

მათ უზრუნველყვეს სააკაშვილის ტრანსპორტირება. რაც მათ წარდგენილი აქვს ბრალდების სახით, არ ჯდება მოქმედ კანონმდებლობაში; თუ რას ედავება ბრალდების მხარე, თავადაც არ იციან, დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ. დანაშაულის დაფარვაში რასაც ესენი გულისხმობენ, ეს არის მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია და ტრანსპორტირება“, – განაცხადა გიორგი გოგინავამ.

საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით შ.წ.-სა და ზ.წ.-ს ბრალდება გუშინ წარუდგინა.