სარდალაშვილმა ესპანელ გარიგოსს მოუგო და მასტერსზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალმში დღეს სტარტი აიღო წლის შემაჯამებელმა ტურნირმა ძიუდოში. სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაზე, მასტერსზე საქართველოს ნაკრები სამი სპორტსმენით ასპარეზობდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ახალგაზრდა გიორგი სარადალაშვილს (60კგ) ვიხილავთ.

ქართველმა მეოთხედფინალში აზრბაიჯანელ ბაირამოვთან დასანანი მარცხის შემდეგ რეპეჟაშში გადაინაცვლა, სადაც მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერს, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს 13 წამში იპონით მოუგო.

სარდალაშვილი ისრაელის მასტერსზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ტურნირზე გამომსველი დანარჩენი ორი ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) პირველსავე დაპირისპირებებში დამარცხდნენ.

ლიპარტელიანმა იაპონელ ცუკასა იოშიდასთან მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით წააგო, მარგველაშვილი კი ფრანგ მაქსიმ გობერთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

შეჯიბრებაზე ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება.