სარდალაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია - მაზიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში დღეს სტარტი აიღო ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ძიუდოში.

პირველ დღეს ტატამზე ორი ქართველი – გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი (ორივე 60 კგ-ში) გამოვიდნენ და ორივე მათგანს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში გიორგი სარდალაშვილმა ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა და შეჯიბრის ფინალში გავიდა. ახალგაზრდა ქართველი ოქროს მედლისთვის იაპონელ ტაიკი ნაკამურას შეხვდება.

დღეს გამომსვლელმა მეორე ქართველმა თორნიკე მაზიაშვილმა რეპეშაჟიში ჩატარებული ორთაბრძოლა მოიგო და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბრაზილიელ აუგუსტოსთან იჭიდავებს.

მთლიანობაში მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით იასპარეზებს. ახალგაზრდა სპორტსმენებიდან ცხრა ვაჟია, ხოლო ოთხი ქალი. ჩვენი გუნდის წევრები მამაკაცთა შეჯიბრზე ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლენ. 66 და 100 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება, ოთხი წონა კი გაორებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წელს ამომავალი ვარსკვლავის წოდება მიანიჭა.