„სარაევოს“ მწვრთნელმა გიორგი გულიაშვილის ტრანსფერი დაადასტურა – მისი შენარჩუნება შეუძლებელია, სასწორზე დიდი ფული დევს #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ კონფერენციის ლიგაზე მეორე რაუნდიდან ჩაერთვება და ანზორ მექვაბიშვილის რუმინულ „კრაიოვას“ დაუპირისპირდება, მაგრამ შესაძლოა, ამ დროისთვის გულიაშვილი ბოსნიურ გუნდში აღარ იყოს. ამის შესახებ ბოსნიური გამოცემა faktor-ი წერს.
„რუმინელებთან, რა თქმა უნდა, საინტერესო მატჩი იქნება. თუმცა სატრანსფერო „ფანჯარა“ ჯერ კიდევ არ დახურულა და გულშემატკივრები შეშფოთებულნი არიან ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გულიაშვილის წასვლასთან დაკავშირებული საუბრებით. „სარაევოდან“ კაპიტნის წასვლა, ფაქტობრივად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზორან ზეკიჩმა დაადასტურა“, – წერს ბოსნიური გამოცემა და „სარაევოს“ მწვრთნელის კომენტარს აქვეყნებს.
„გულიაშვილის შენარჩუნება ჩვენთვის რთული იქნება. უფრო სწორად, ეს შეუძლებელია, რადგან სასწორზე დიდი ფული დევს. სერიოზულ ტრანსფერებს ვახორციელებთ და ამით თავადაც ვიზრდებით.
გვინდა, გასულ წელთან შედარებით უკეთესი შემადგენლობა გვყავდეს, მაგრამ არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ“, – განაცხადა ზეკიჩმა.