„სარაევოს“ მწვრთნელი – იმედი მაქვს, რომ გიორგი გულიაშვილი გუნდს ჩემპიონატის ბოლო ტურებსა და თასის ფინალში მაინც დაეხმარება #1TVSPORT

10:15, 24.04.2025

„სარაევო“ ბოსნიის ჩემპიონატის მორიგ ტურში უშუალო კონკურენტს, „ჟელეზნიჩარს“ ეთამაშება. ჯერ უცნობია, დაეხმარება თუ არა გუნდს საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი.

23 წლის ფეხბურთელი ბოსნიის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩისას, რომელიც 2 აპრილს „ბორაცი ბანია ლუკას“ წინააღმდეგ ჩატარდა, 36-ე წუთზე დაშავდა. მას შემდეგ გულიაშვილი მკურნალობს და უკვე ხუთი შეხვედრა გამოტოვა.

„სარაევოს“ მის გარეშე გაუჭირდა, რაც ყველაზე თვალსაჩინოდ ბოლო ტურის შეხვედრაში გამოჩნდა, როდესაც აუტსაიდერ „სლობოდას“ ვერ აჯობა და მატჩი 0:0 დასრულდა.

ბოსნიურმა გამოცემამ, „ფაქტორმა“ „სარაევოს“ მთავარი მწვრთნელის, ზორან ზეკიჩის კომენტარი გამოაქვეყნა:

„ანალიზისთვის დრო არ გვაქვს. მხოლოდ ღმერთს ვევედრებით, რომ „ჟელეზნიჩართან“ მატჩისთვის ყველა ჯანმრთელი იყოს. რაც შეეხება გულიაშვილს, უკვე სამი კვირა გავიდა, რაც ტრავმა მიიღო. პირველი შეფასებით, ხუთ-ექვს კვირაში უნდა დაბრუნებულიყო. იმედი მაქვს, ის გუნდს ჩემპიონატის ბოლო ტურებსა და თასის ფინალში მაინც დაეხმარება“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

„სარაევო“ ბოსნიის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში „ჟელეზნიჩარს“ 27 აპრილს დაუპირისპირდება. თასის ფინალის შეხვედრები კი 7 და 15 მაისს გაიმართება – ორმატჩიან ფორმატში, სადაც მეტოქე „შიროკი ბრიეგი“ იქნება.

რაც შეეხება გულიაშვილს, მიმდინარე სეზონში მან ბოსნიის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი