„სარაევოს“ განცხადებას ქუთაისში უპასუხეს - ბოსნიელმა ფანებმა ქალაქში მანქანა დაამტვრიეს, სტადიონზე - სკამები და პოლიციელები დააზიანეს #1TVSPORT
„სარაევოს“ განცხადებას ქუთაისში უპასუხეს - ბოსნიელმა ფანებმა ქალაქში მანქანა დაამტვრიეს, სტადიონზე - სკამები და პოლიციელები დააზიანეს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ ადმინისტრაციამ ქუთაისში „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედოსთან“ მატჩის შემდეგ განცხადება გაავრცელა და სტადიონიდან თამაშის დაწყებისას ბოსნა-ჰერცეგოვინელი გულშემატკივრების გაყვანა გააპროტესტა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ მატჩამდე ქუთაისის სტადიონზე სტუმარმა გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს, რის გამოც პოლიციამ ფანებს ტრიბუნები დაატოვებინა.

„გულშემატკივრები, რომლებიც 2500 კილომეტრს გაივლიან, მიდიან არა პრობლემების შესაქმნელად, არამედ ჩვენს გასამხნევებლად. „სარაევოს“ გულშემატკივრები ქართულმა პოლიციამ თამაშის დაწყებამდე სტადიონიდან გამოაგდო. არადა, ფეხბურთელი გულშემატკივრებისთვის თამაშობს“, – წერია „სარაევოს“ განცხადებაში.

ამ განცხადებას მოყვა ერთ-ერთი ბოსნია-ჰერცეგოვინელი გულშემატკივრის (რასიმ სკორუპანი) მოწოდება: „მათ თქვენც იმავენაირად მოექეცით, თუ მათ აქვთ სითამამე, იჩივლონ ფიფა-სა და უეფა-ში“.

ცხადია, ფეხბურთს გულშემატკივრებისთვის თამაშობენ და დასაფასებელია ადამიანები, რომელიც საყვარელი გუნდის საქომაგოდ 2500 კილომეტრს გაივლიან. მაგრამ ამ განცხადებაში და ბოსნია-ჰერცეგოვინის მედიაში გამოქვეყნებულ წერილებში არაფერია ნათქვამი რეალურად რა მოხდა – ამის შესახებ ქუთაისელი გულშემატკივრები კომენტარებში წერენ.

„ვიღაც შუა ქალაქში არაფრის გამო მანქანას რომ დაგიმტვრევს, მერე კი სტადიონზე – სკამებს, რა უნდა გააკეთო?

სირცხვილია ის, რაც სტუმრებმა გააკეთეს ქალაქში – დადიოდნენ და ხალხს უხამს ჟესტებს აჩვენებდნენ. მერე ერთმანეთში იჩხუბეს.

უმიზეზოდ ტრიბუნიდან არავის აგდებენ. პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა მათი ტრიბუნა, რომ არ გადმოსულიყვნენ (სხვა ტრიბუნაზე) და პოლიციას დაცხეს. რა უნდა ექნათ, მადლობა გადაეხადათ?

სხვას რომ ვერ მიეკარნენ, რამდენიმე პოლიციელი დააზიანეს. 3000-მდე კილომეტრი გაიარეს და სტადიონის ეზოში ისხდნენ, მინდორში.

მანამდე ჯგუფად მიცვივდნენ ჩვენებს, თავს მოულოდნელად დაესხნენ და კიდევ უკვირთ, რატომ გააგდესო“.

კონფერენსლიგაზე ქუთაისის „ტორპდოსა“ და „სარაევოს“ საპასუხო მატჩი 20 ივლისს გაიმართება – შეხვედრას ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს.