საქართველოსთან რთული თამაში გველის - მაკედონიელ მწვრთნელს საკუთარი ნაკრები არ მოეწონა #1TVSPORT
საქართველოსთან რთული თამაში გველის - მაკედონიელ მწვრთნელს საკუთარი ნაკრები არ მოეწონა #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოსთან ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის ემზადება. ბალკანელებმა გიბრალტარში სტუმრად 0:2 მოიგეს და დაგეგმილი სამი ქულა დააგროვეს. მაგრამ „სპორტმედიასთან“ ინტერვიუში ამ ქვეყანაში ცნობილმა სპეციალისტმა, გორაზდ მიხაილოვმა განაცხადა, რომ გუნდმა ვერც გაიბრწყინა და ბევრი პრობლემაც გამოაჩინა.

„შედეგები შეგვიძლია ქულების მიხედვით შევაჯამოთ. მწვრთნელმა მილევსკიმ გადაწყვიტა, რამდენიმე დებიუტანტისთვის მიეცა შანსი, რაც, რა თქმა უნდა, გამართლებულია ისეთ მატჩებში, რომლებშიც ყველა ასპექტში აბსოლუტური ფავორიტები ვართ. მაგრამ ასეთი თამაშები ყველაზე რთული მოსაგებია. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ რისტოვსკის შეტევის, სპიროვსკის დარტყმისა და კაპიტან ბარდის ინდივიდუალური მოქმედებისა და გოლის გარდა, განსაკუთრებულად არაფერს გამოვყოფდი. აღსანიშნავია, რომ 0:0-ზე მუსლიუს შეცდომის შემდეგ მასპინძლებს დაწინაურება შეეძლოთ“, – ამბობს მიხაილოვი.

ის გუნდის თამაშით კმაყოფილი არც მეორე ტაიმში დარჩა.

„ჩემი აზრით, მატჩის ამ ნაწილში, როდესაც სათამაშო სქემის ცვლილებით, როცა მეტი ინიციატივის მოპოვება და კიდევ ერთი გოლის გატანა გვინდოდა, მოლოდინი არ გამართლდა. განხორციელებულ ცვლილებებს მოსალოდნელი ეფექტი არ მოჰყოლია. თუ ბულგარეთის წინააღმდეგ ყველა შევთანხმდით, რომ კარგი მეორე ტაიმი გვქონდა, ახლა ასე არ იყო. ეს დასავიწყებელი ნახევარი საათი იყო“.

მას სჯერა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას უკეთ თამაში შეუძლია.

„მეორე ტაიმის ნაწილი ისეთ ვითარებაში ვიყავით, როცა ბოლო მომენტამდე ვნერვიულობდით და ნიკოლოვის გოლმა გვიშველა. ეს უნდა იყოს გაფრთხილება. პირადად მიმაჩნია, რომ არის რაღაც, რაც მილევსკიმ საქართველოსთან მომდევნო მატჩამდე ფეხბურთელებს უნდა უთხრას. ეს ბევრად უკეთესი ნაკრებია, ვიდრე გიბრალტარი და ბულგარეთი. მთავარია, ქულები მოვიპოვეთ, მაგრამ უკეთესად თამაში შეგვიძლია და ეს უნდა გავაკეთოთ“.