საქართველოსთან მატჩამდე - ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარე ტრავმირებულია
საქართველოსთან მატჩამდე - ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარე ტრავმირებულია

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მეკარე დენი ილიევი ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებთან „ევრო2020“-ის პლეიოფის ფინალში ვერ დაეხმარება.

ილიევისთვის ინგლისური კარიერის ახალი ეტაპი წარუმატებლად დაიწყო. ბალკანელი მეკარე 2017 წლიდან ლონდონის „არსენალში“ ირიცხებოდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პერსპექტივა არ ჰქონდა და სამი წელია იჯარით თამაშობს, ჯერ სლოვაკურ „სერედში“, შემდეგ პოლონურ „იაგელონიაში“, 2020 წლიდან კი სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვის ბოლო დღეს, „ლიგა1“-ის (რანგით მესამე ინგლისური ლიგაა) „შრუსბერი თაუნში“ გაუშვეს.

ილიევი ბოლო ტურის შეხვედრაში დაშავდა. „შრუსბერი თაუნმა“ დაადასტურა, რომ მსუბუქი ტრავმა არ აქვს და სამკურნალოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება. დიდი ალბათობით, იგორ ანგელოვსკი ილიევს 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს წინააღმდეგ „ევრო2020“-ის გადამწყვეტ შეხვედრაში ვერ მიიწვევს.

ანგელოვსკის განკარგულებაში ახლა ორი მეკარეა – სტოლე დიმიტრიევსკი („რაიო ვალეკანო“) და დამიან შიშკოვსკი (კვიპროსული „დოქსა“). სავარაუდოდ, ილიევის ნაცვლად, ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი „სილექსის“ მეკარე დანიელ ბოჟინოვსკის მიიწვევს.