საქართველოში უეფა-ს ახალი პროექტი, „ფეხბურთი აერთიანებს“ დაიწყო #1TVSPORT
საქართველოში უეფა-ს ახალი პროექტი, „ფეხბურთი აერთიანებს“ დაიწყო #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის ვაკის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისთვის უეფა-მ ახალი საფეხბურთო ფესტივალი, „ფეხბურთი აერთიანებს – Football Unites“ დაიწყო, რომელშიც 70 ბავშვი მონაწილეობს.

ინიციატივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მხარდაჭერითა და UEFA Football and Refugees Grant-ის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი განსაკუთრებულია და სპეციალურად დევნილი და ასევე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ლტოლვილი ბავშვებისათვის შეიქმნა.

პროექტის მთავარი მიზანი ფეხბურთის დახმარებით ბავშვების ინტეგრაციაა, ხელი შეეწყოს მათი ნიჭისა და უნარების გამოვლენასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარაზაციას. 9-დან 15 წლამდე ასაკის დევნილებსა და ასევე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ლტოლვილ ბავშვებს, მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და ქუთაისში ლიცენზირებული მწვრთნელები რეგულარულად, უფასოდ ავარჯიშებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“ ახორციელებს. ლიცენზირებულ მწვრთნელებთან ერთად ღონისძიებაში ჩართულნი არიან სპორტული ფსიქოლოგები, მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტები, რომლებიც ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისთვის ერთად მუშაობენ.

საფეხბურთო ფესტივალში გოგოებმა და ბიჭებმა ამხანაგური თამაშები გამართეს, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და მისი პარტნიორებისგან საჩუქრები მიიღეს.

ფესტივალს ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი კემლინ ფურლი.