საქართველოში პირველად - ქალთა ნაკრების ფეხბურთელებისთვის სამწვრთნელო კურსები დაიწყო #1TVSPORT
საქართველოში პირველად - ქალთა ნაკრების ფეხბურთელებისთვის სამწვრთნელო კურსები დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშეებისთვის უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, კურსი საქართველოში პირველად ტარდება და ქალი ფეხბურთელებისთვის სრულიად უფასოა. ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს საშუალება აქვთ, საფეხბურთო კარიერის პარალელურად, სამწვრთნელო განათლება და შესაბამისი ლიცენზია მიიღონ.

C ლიცენზიის კურსზე 23 მონაწილე ირიცხება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსის მსმენელები საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უეფა-ს მწვრთნელთა C ლიცენზიას მიიღებენ, რაც თითოეულ მათგანს კარიერის დასრულებისთანავე საფეხბურთო სკოლებში მწვრთნელად მუშაობის დაწყების საშუალებას მისცემს.

კურსის დაწყებამდე საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მონაწილეებს წარმატება უსურვეს.

სწავლების პირველი ნაწილი სანაკრებო შეკრების პარალელურად მიმდინარეობს – შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ემზადება.