„საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო“, - ხვიჩა კვარაცხელიამ კორონავირუსით გარდაცვლილი თანაგუნდელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის მონაწილეებს მიმართა #1TVSPORT
დაიწყო „ვახოს თასის“ გათამაშება, რომელიც პანდემიის დროს გარდაცვლილი ნიჭიერი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ხსოვნას ეძღვნება.
ვახო ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა. გამორჩეული ნიჭის მქონე შემტევი ნახევარმცველი ვარჯიშობდა „საბურთალოში“, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში და „დინამო თბილისში“, ბოლოს „ვიტ ჯორჯია 2“-ში თამაშობდა. იყო საქართველოს 16 და 17-წლამდე ნაკრებების წევრი.
„ვახო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მისი სახელობის ტურნირზე თამაში დიდი პატივია. ასე რომ, ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ“, – ეს მიმართვა ტურნირის მონაწილეებს გახსნაზე ვახოს ყოფილი თანაგუნდელმა და მეგობარმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაუგზავნა.
ასევე, ვიდეომიმართვა ჩაწერეს ვახოს სხვა ყოფილმა თანაგუნდელებმა, რომლებთანაც მას ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია – გიორგი გაგუამ, გიორგი გულიაშვილმა, ანრი მექვაბიშვილმა, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი მამარდაშვილმა.
ტურნირი სანზონის დასახლებაში, ყოფილ მე-15 სკოლასთან მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის სტადიონზე იმართება. მთავარი პრიზისთვის 22 გუნდი იბრძვის. გამარჯვებულები კი 28 თებერვალს, ვახო ჩარკვიანის დაბადების დღეს გამოვლინდებიან.