საქართველოში დიდი ტალანტი ვიპოვეთ - „შახტარმა“ გიორგი გოჩოლეიშვილი წარადგინა #1TVSPORT
საქართველოში დიდი ტალანტი ვიპოვეთ - „შახტარმა“ გიორგი გოჩოლეიშვილი წარადგინა #1TVSPORT

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დონეცკის „შახტარმა“ ახალწვეული გიორგი გოჩოლეიშვილის წარადგინა. 21 წლის ფეხბურთელი უკრაინულ კლუბს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„შახტარის“ სპორტულმა დირექტორმა, დარიო სრნამ ქართველ მცველს 13-ნომრიანი მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა.

„ბოლო ექვსი თვე მარჯვენა მცველის პოზიციაზე დოდოსა და ვინისიუს ტობიასის შემცვლელს ვეძებდით. შედეგად, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ვიპოვეთ, რომელიც საქართველოში თამაშობდა. ის კარგად ერგება „შახტარის“ სათამაშო ფილოსოფიას, უყვარს შეტევა – ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება.

მომეწონა პირველ ვარჯიშებზეც, სადაც თავი გამოიჩინა. ველოდებით, რომ ყოველდღიურად მოუმატებს და გუნდს სარგებელს მოუტანს. რაც შეეხება მის სათამაშო თვისებებს, თვალში საცემია მისი სისწრაფე, გამძლეობა და კარგი ბოლო პასი. დღესდღეობით ძალიან რთულია „შახტარისთვის“ შესაფერისი ფეხბურთელების პოვნა, რადგან ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც სპეციფიკურ ფეხბურთს თამაშობს.

საბოლოოდ, არჩევანი გოჩოლეიშვილზე შევაჩერეთ და ვფიქრობ, არ შევცდით. ის მონდომებულია და შანსს მიიღებს. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, სადაც ახალგაზრდას ადაპტაცია არ უჭირს. იმედია, გოჩოლეიშვილი სწრაფად შეეგუება აქაურობას და კლუბს გამოადგება“, – განაცხადა „შახტარის“ სპორტულმა დირექტორმა.