საქართველოში „ბარსელონას“ ხელბურთის აკადემიის კემპი იმართება #1TVSPORT

13:20, 26.07.2026

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას“ აკადემიის თანამშრომლობით, საქართველოში ისტორიაში პირველად იმართება ხელბურთის მასშტაბური კემპი – Barça Academy Handball Camp Georgia 2026.

კემპის ოფიციალური გახსნის ცერემონია თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ახალგაზრდა ქართველ ხელბურთელებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, ივარჯიშონ და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული აკადემიის სპეციალისტებისგან თეორიული ცოდნა თუ პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

კემპში მონაწილეობს 50 გოგონა და 50 ვაჟი – სულ 100 პერსპექტიული ახალგაზრდა ხელბურთელი. ისინი საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატებისა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალების ფარგლებში შეირჩნენ.

საქართველოში „ბარსელონას“ აკადემიის ოთხი მწვრთნელი იმყოფება. ისინი ექვსი დღის განმავლობაში დამწყებ სპორტსმენებს ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ ვარჯიშებს ჩაუტარებენ. პარალელურ რეჟიმში კი გადაამზადებენ ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს – მათ თანამედროვე ხელბურთის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალური ტექნიკის თუ გუნდური ტაქტიკის განვითარების საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.

კემპის მიზანია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა, ევროპული სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ქართველი ხელბურთელების პროფესიულ ზრდასა და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადებას შეუწყობს ხელს. კემპი 31 ივლისს შემაჯამებელი ღონისძიებით დაიხურება.

„ჩვენ მსგავსი საზაფხულო კემპები რამდენიმე ქვეყანაში ჩავატარეთ და ეს წარმატებული პრაქტიკა აღმოჩნდა. საქართველოში რომ მოგვიწვიეს, სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან ყველგან „ბარსელონას“ აკადემიის ფილოსოფიას ვნერგავთ. კემპებში მონაწილეობა კი ქვეყნებს ხელბურთის განვითარებაში ეხმარება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „ბარსელონას“ აკადემიის მწვრთნელ-ინსტრუქტორმა, დავიდ ლოპესმა.

მსგავსი