საქართველოში ახალი მასშტაბური ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი იწყება #1TVSPORT
ოქტომბრიდან საქართველოში ახალი მასშტაბური საფეხბურთო ტურნირი, Next Gen Cup-ი გაიმართება, სადაც მთავარი პრიზისთვის 8-დან 11-წლამდე ასაკის ფეხბურთელები იბრძოლებენ – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ტურნირის ორგანიზატორმა, გიორგი სანადირაძემ ისაუბრა.
„რამდენიმე მეგობართან ერთად ახალი ტურნირის ორგანიზება გადავწყვიტე. ჩვენი მიზანია, ფეხბურთში მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
Next Gen Cup-ი საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება და სხვადასხვა ასაკში რეგიონების გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც პლეიოფში ბრძოლას თბილისში განაგრძობენ და საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონებს გამოავლენენ.
ტურნირი ყოველწლიური იქნება და დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდება. გვინდა, შეჯიბრებაში საქართველოს ყველა ქალაქი მაქსიმალურად ჩავრთოთ და უყურადღებოდ არავინ დაგვრჩეს. ოქტომბერში დუშეთიდან (მცხეთა-მთიანეთის გუნდებით) ვიწყებთ, ფინალურ ეტაპს კი 2027 წლის სექტემბერში თბილისი უმასპინძლებს.
ვფიქრობ, რომ ამ ასაკში ეს განსხვავებული ფორმატის ტურნირია და კარგად იმუშავებს. გვინდა, სამომავლოდ ტურნირმა საერთაშორისო ხასიათიც მიიღოს და უცხოური კლუბები მოვიწვიოთ“, – ამბობს გიორგი სანადირაძე.