საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი განიხილეს
საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი განიხილეს

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კასიმ-ჯომარტ ტოკაევს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მხარეებმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება. აღინიშნა გლობალური და რეგიონული ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობა.

ყაზახეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ყაზახეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია, პრიორიტეტულია ყაზახეთის მხარესთან თანამშრომლობა ტრასეკას სატრანსპორტო დერეფნის წარმატებით ფუნქციონირების საკითხში და ასევე „ერთი სარტყლის“ პროექტი.

შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რომელსაც მას აძლევს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.