საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

08:45, 28.09.2026

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში „დინამო არენაზე“ უკრაინას უმასპინძლებს და ჩრდილოეთ ირლანდიასთან წარუმატებელი სტარტის (0:1) შემდეგ, გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:50 საათიდან შემოგთავაზებთ.

ახალი მწვრთნელი

ამ შეხვედრას „ჯვაროსნები“ ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდებიან. საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ეპოქა დასრულდა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხის შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი რამაზ სვანაძე დაინიშნა.

მას რთული მისია დაეკისრა – გულშემატკივარი იმ წარმატების განვითარებას ელის, რომელიც საქართველოს ნაკრებში სანიოლის ​მოსვლის (2021 წლის თებერვლიდან) შემდეგ დაიწყო და  2024 წელს, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშით დაგვირგვინდა – სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა კონტინენტის პირველობის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრაც მოახერხა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუნდმა დაღმასვლა დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი შესარჩევი ციკლი ჩააგდო – ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონი და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი მატჩიც დათმო ჩრდილოეთ ირლანდიასთან (0:1) და აუცილებელი გახდა იმ მწვრთნელთან დამშვიდობება, რომელმაც დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე დიდი სიხარული მოგვანიჭა.

რამაზ სვანაძე „ჯვაროსნებს“ 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელი ფეხბურთელობისას მარჯვენა მცველი იყო, თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ ტრავმის გამო კარიერა ნაადრევად დაასრულა.

მწვრთნელობა „დინამო თბილისში“ დაიწყო. ხელმძღვანელობდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელმაც მისი მწვრთნელობისას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ ითამაშა.

45 წლის სვანაძე ნაკრების ახალი თაობის ფეხბურთელებს ზედმიწევნით კარგად იცნობს. საქართველოს ნაკრებს ერთხელ, 2020 წელს ესტონეთთან მატჩში (0:0) უხელმძღვანელა, როდესაც პოსტი ვლადიმირ ვაისმა დატოვა. ევრო 2024-ზე კი ვილი სანიოლის სამწვრთნელო სტაფში იყო. აქედან გამომდინარე, მისი დანიშვნა ლოგიკური ნაბიჯი გახლდათ.

ახალ მთავარ მწვრთნელს გუნდში ადაპტაციისთვის დრო თითქმის არ აქვს, წინა მატჩმა კი დამატებითი პრობლემებიც შექმნა: მცველებმა, ლუკა ლოჩოშვილმა და საბა გოგლიჩიძემ თამაშის მიწურულს ტრავმები მიიღეს, რის გამოც უკრაინასთან მატჩში მათი მონაწილეობა საეჭვოა. სვანაძემ გარკვეულ ცვლილებებს, შესაძლოა, ნახევარდაცვაშიც მიმართოს და დაცვითი სტილის ანრი მექვაბიშვილის ნაცვლად, უფრო შემტევი ოთარ კიტეიშვილი ათამაშოს.

„ანდრეა მალდერა უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ოფიციალური დებიუტის შემდეგ, მორიგი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. თბილისში უკრაინელები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს. ამ მატჩის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ესეც არის“, – ასე გამოეხმაურა უკრაინული მედია მომავალ თამაშს.

საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის ცვლილება, გარკვეულ პრობლემას შეუქმნის უკრაინელთა სამწვრთნელო სტაფს, რომელიც დიდი ხანია ქართველებთან შეხვედრისთვის სანიოლის ნაცნობი სქემის გასანეიტრალებლად ემზადებოდა. ახლა კი ახალი მწვრთნელი რას შეცვლის არავინ იცის.

უკრაინის ნაკრების პრობლემები

ანდრეა მალდერას სადებიუტო მატჩში, უკრაინის ნაკრებმა ბუდაპეშტში უნგრეთი 1:0 დაამარცხა. ანგარიშის გახსნის შემდეგ, უკრაინელებმა მეტოქეს ინიციატივა დაუთმეს და დიდწილად მათი შეტევების მოგერიებას ცდილობდნენ. თბილისში კი მხოლოდ გამძლეობა საკმარისი არ იქნება – აგრესიულობისა და ბრძოლისუნარიანობის გამოვლენაც გახდება საჭირო.

ვითარებას შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ართულებს. დოვბიკი და იარმოლიუკი ტრავმირებული არიან, ანდრიევსკიმ ოპერაცია გაიკეთა, ნაზარენკო კი უნგრეთთან მატჩის მიწურულს მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია.

შეტევაში მალდერამ ​გარკვეული სიახლე შემოგვთავაზა, რომელსაც ალბათ, თბილისშიც გამოიყენებს – სიკანისა და ვანატის დუეტს, სუდაკოვიც ეხმარება – ამ სქემამ პირველ მატჩში შედეგი გამოიღო, ამიტომ სათამაშო გეგმა კვლავ ამ ბირთვზე აიგება, ხოლო კრასნოპირს სათადარიგოთა სკამიდან ჩართვის შემთხვევაში, შეიძლება მეტი სათამაშო დრო მიეცეს.

არბიტრი აზერბაიჯანიდან

მატჩის მთავარი მსაჯი ალიარ აგაევი იქნება, რომელიც აზერბაიჯანის ჩემპიონატის გასულ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი არბიტრი იყო (საშუალოდ 4.77 ყვითელი ბარათი შეხვედრაში). 13 მატჩში მან 6 ფეხბურთელი გააძევა და 5 პენალტი დანიშნა.

საერთაშორისო მატჩებში აგაევი საშუალოდ 3.43 გაფრთხილებასა და 24.14 ჯარიმას აფიქსირებს, ხოლო 14 საერთაშორისო შეხვედრაში 6 პენალტი დანიშნა.

მსგავსი