საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება
საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

თბილისში დღეს საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით, საქართველოს ეწვევა კანადის დელეგაცია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სტეფანი ბეკის  ხელმძღვანელობით.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ეს ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კანადა 2018 წელს დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყანაა.

პოლიტიკურ კონსულტაციებს ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე უხელმძღვანელებს.

„კონსულტაციებისას განხილული იქნება საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. საქართველოს უწყებებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და კანადის ელჩები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, კონსულტაციების შედეგად ხელი მოეწერება ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ასახული იქნება საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. ვიზიტის ფარგლებში კანადის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე მიიღებს ინფორმაციას იქ არსებულ ვითარების შესახებ. დელეგაციის წევრები ასევე გაეცნობიან იუსტიციის სახლის საქმიანობას.

საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები დღეს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება.