საქართველოსა და ბულგარეთის მატჩს შვედი გლენ ნიუბერგი განსჯის #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფის მეორე ტურის მატჩს საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების შორის შვედი გლენ ნიუბერგი განსჯის.
ნიუბერგის ყველა თანაშემწეც შვედი იქნება. გვერდითი მსაჯები მაჰბოდ ბეიგი და დანიელ იუნგი იქნებიან, მეოთხე მსაჯი ადამ ლადებაეკია. რადგან შვედეთის ჩემპიონატში ვიდეორეფერის სისტემა (VAR) არ გამოიყენება, უეფა-მ ამ ფუნქციის შესასრულებლად ნიდერლანდელი სპეციალისტები გამოგზავნა. VAR-ზე პასუხისმგებელი პოლ ვან ბოკელია, მისი თანაშემწე კი – ერვინ ბლანკი.
36 წლის ნიუბერგი 2008 წლიდან მსაჯია, ფიფა-ს არბიტრი 2016 წელს გახდა. იგი სამჯერ დასახელდა შვედეთის წლის არბიტრად – ბოლოს 2023 წელს.
ნიუბერგი უეფა-ს ელიტური კატეგორიის მსაჯია, ის ერთხელ გაუძღვნა კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩს, ასევე უძღვებოდა ევრო 2024-ის შეხვედრებს.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.