საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალია დაამარცხა #1TVSPORT

ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარე წყალბურთელ ვაჟთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა და ავსტრალიის ნაკრები ბოლო წამებზე 13:12 დაამარცხა.

ორი მეოთხედის შემდეგ ქართველი წყალბურთელები 3:4 აგებდნენ. ჩვენმა წყალბურთელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 7:4 მოიგეს და საბოლოოდ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს – 13:12.

ორი ტურის შემდეგ დეიან სტანოიევიჩის გუნდს ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს – პირველ ტურში ქართველი წყალბურთელები მონტენეგროსთან 12:13 დამარცხდნენ.

შეგახსენეთ, რომ ფინალური ეტაპის ექვსი საგზურისთვის 12 ნაკრები იბრძვის. გუნდები წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 3-3 საუკეთესო კი ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

A ჯგუფი: იტალია, იაპონია, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, აშშ.

B ჯგუფი: სერბეთი, საბერძნეთი, საქართველო, ავსტრალია, ესპანეთი, მონტენეგრო.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:

10 მარტი

20:30 ესპანეთი – საქართველო

13 მარტი

20:30 საბერძნეთი – საქართველო

14 მარტი

20:30 საქართველო – სერბეთი