საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატიდან თბილისში დაბრუნდნენ. ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. მოჭიდავეებმა ათ სხვადასხვა წონის კატეგორიაში ექვსი მედალი მოიპოვეს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი სპორტსმენების შედეგით კმაყოფილია. თუმცა გიორგი იანტბელიძე აღნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში მსაჯების არაკორექტულობის გამო მოჭიდავეებმა მაქსიმუმი შედეგი ვერ აჩვენეს.

„ექვსი მედლით დაასრულა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი. ფედერაციის თითოეულ წევრს, გულშემატკივარს მინდა, მივულოცო ეს წარმატება. რა თქმა უნდა, იყო შანსი იმისა, რომ უფრო მეტისთვის მიგვეღწია. ზოგს შემთხვევაში სპორტსმენმა ვერ შეძლო თავის მაქსიმუმის გამოვლინება, ზოგ შემთხვევაში მსაჯების არაკორექტული გადაწყვეტილების გამო, თუნდაც კეჭაძის შემთხვევაში, ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა, მაგრამ ათი წონითი კატეგორიიდან ექვსი მედალი ნამდვილად კარგი შედეგია“, – განაცხადა გიორგი იანტბელიძემ.

ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატზე მეორე საპრიზო ადგილზე ბექა ლომთაძე (61კგ) გავიდა. ბრინჯაოს მედლები ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.), ნიკა კენჭაძემ (79 კგ.), ირაკლი მწითურმა (92 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) დაისაკუთრეს.

გუნდურ ჩათვლაში ქართველმა მოჭიდავეებმა 104 ქულა მოაგროვეს და მე-4 ადგილზე გავიდნენ, საპრიზო სამეულში კი რუსეთის (162 ქულა), თურქეთის (156 ქულა) და აზერბაიჯანის (145 ქულა) ნაკრებები მოხვდნენ.

დატოვე კომენტარი