საქართველოს თასზე სამოყვარულო კლუბმა „ბრიჯმა“ ისტორია დაწერა #1TVSPORT
სამოყვარულო საფეხბურთო კლუბმა, „ბრიჯმა“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველ ეტაპზე „ვარკეთილი“ 2:1 დაამარცხა და პირველი სამოყვარულო კლუბი გახდა, რომელმაც გათამაშების საწყისი ორი ეტაპი გადალახა.
კლუბმა წინასწარ ეტაპზე „იუჯი 35“ 5:3 დაამარცხა, ახლა კი ლიგა 3-ის „ვარკეთილს“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია. გიორგი ბოჭორმელისა (10) და გიორგი ჯინიკაშვილის (80) გოლებს „ვარკეთილმა“ მხოლოდ ზვიად ქანთარიას (79) ზუსტი დარტყმით უპასუხა.
„ბრიჯი“ სამოყვარულო კლუბია, რომლის მთავარი მწვრთნელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე სანდრო კობახიძეა, გუნდის შემადგენლობაში კი მის გარდა „ჯვაროსნების“ ყოფილი წევრები ირიცხებიან – გიორგი ლომაია, მიხეილ ალავიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ბუბა დაუშვილი, დავით სირაძე.
„ბრიჯში“ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრებიც გამოდიან – გიორგი ხიდეშელი, გიორგი ტყეშელაშვილი, გიორგი თევზაძე, ლუკა კიკაბიძე, გიორგი დუმბაძე, ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი ხუმარაშვილი, ასევე ეროვნულ ლიგაში ნათამაშები ვაკო ბაჩიაშვილი, გიორგი ცერცვაძე, ზვიად მეტრეველი, კობა შალამბერიძე…
„ბრიჯი“ საქართველოს თასის მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც ლიგა 3-ის „ორბს“ (ყოფილი „ირაო“) დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 ივნისს გაიმართება.