საქართველოს თასზე სამი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა #1TVSPORT
საქართველოს თასზე სამი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა და ნახევარფინალისტები გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ სამივე მატჩი სტუმრებმა მოიგეს და სამივემ ერთნაირი ანგარიშით.

გარეჯი-საბურთალო 1:2

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე „გარეჯმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა. ანგარიში 21-ე წუთზე სტუმრებმა ლევან ნონიკაშვილის გოლით გახსნეს. 10 წუთში მასპინძელთა ლეგიონერმა ფრანსისკო ბრავომ წონასწორობა აღადგინა. გადამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე „საბურთალოს“ ახალგაზრდა ლიდერმა იური ტაბატაძემ გაიტანა, თბილისელებმა 2:1 მოიგეს და ნახევარფინალში არიან.

გორი-სამგურალი 1:2

გორის „ქართლი არენაზე“ „გორმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა – პირველ ტაიმში სტუმრები გიორგი ბუხაიძემ მე-19 წუთზე დააწინაურა, მაგრამ 45+1-ე წუთზე „სამგურალის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაპუნა ფონიავა მოედნიდან გააძევეს და მასპინძლებმა 68-ე წუთზე ნოდარ ბარამიძის გოლით ანგარიში გაათანაბრეს. ამ მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა. 96-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშე ბექა მუმლაძეც გააძევეს, 101-ე წუთზე კი სტუმართა მცველმა ილია ახვლედიანმა „სამგურალი“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა – 1:2.

გაგრა-შუქურა 1:2

თბილისის ზღვის ბაზაზე საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა, „გაგრამ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და ისიც 1:2 დამარცხდა. მართალია, 54-ე წუთზე ანგარიში მასპინძელთა მოთამაშე ოთარ ფარულავამ გახსნა, მაგრამ ლევან ინგოროყვამ (72) და ჟუნინიო კაბრალმა (83) „შუქურას“ ნახევარფინალის საგზური მოუპოვეს.

ბოლო ნახევარფინალისტი გამოვლინდება საგურამოს „ლოკო-არენაზე“, სადაც „ლოკომოტივი“ ბათუმის „დინამოს“ მასპინძლობს.