საქართველოს თასის ფინალამდე გორში გასართობი სივრცე მოეწყობა და სტადიონზე სხვადასხვა პრიზი გათამაშდება
საქართველოს თასის ფინალამდე გორში გასართობი სივრცე მოეწყობა და სტადიონზე სხვადასხვა პრიზი გათამაშდება

8 დეკემბერს გორი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს უმასპინძლებს. საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ თბილისის „ლოკომოტივს“ “თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ფედერაცია ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება.  დილიდან გულშემატკივარს სხვადასხვა სახალისო აქტივობა და გათამაშება ელოდება. სტადიონზე მოსულ მაყურებელს გასართობი კუთხე, კვების ობიექტები, ეროვნული ნაკრების ფანშოპი დახვდება.

გასართობ სივრცეში შესაძლებელი იქნება სამახსოვრო ფოტოების გადაღება, ფეხბურთის თამაში და გათამაშებაში მონაწილეობის მიღება. გათამაშდება ბურთები, ეროვნული ნაკრების მაისურები და სხვადასხვა პრიზები. ტერიტორიაზე აგრეთვე მოეწყობა ბავშვთა გასართობი კუთხე, სხვადასხვა სათამაშო სივრცით.

გასართობ სივრცეში სტუმრებს 12:00 საათიდან ელიან.

მატჩი „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის 15:30 საათზე დაიწყება – დასწრება თავისუფალია. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.