საქართველოს თასის ბოლო მეოთხედფინალისტი „სპაერია“ - შეცვლაზე შესულმა ცეცხლაძემ პოკერი შეასრულა #1TVSPORT
საქართველოს თასის ბოლო მეოთხედფინალისტი „სპაერია“ - შეცვლაზე შესულმა ცეცხლაძემ პოკერი შეასრულა #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ბოლო მეოთხედფინალისტი „სპაერია“, რომელმაც მერვედფინალში ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

ეს იყო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა. ანგარიში მე-5 წუთზე ფოთელებმა სანდრო ავალიანის გოლით გახსნეს. საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი „სპაერი“ დიდი ძალებით უტევდა, თუმცა ფოთელთა 18 წლის მეკარე ალექსანდრე დადეშქელიანი ბრწყინვალედ თამაშობდა და რამდენჯერმე აშკარა გოლისგან გადაარჩინა გუნდი. „კოლხეთმა“ უპირატესობა მე-60 წუთზე ნიკოლოზ ცხოვრებაშვილის გოლით გაზარდა.

მიუხედავად ამისა, „სპაერმა“ თამაში მაინც შემოატრიალა. 73-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძემ სხვაობა შეამცირა. 84-ე წუთზე მან პენალტი შეასრულა, მაგრამ „კოლხეთის“ ახალგაზრდა მეკარემ ბურთი მოიგერია, თუმცა 90+3-ე წუთზე მან ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.

მანამდე ორივე გუნდი კაცნაკლული დარჩა – 90+6-ე წუთზე ინციდენტის გამო მთავარმა არბიტრმა სამ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. მათ შორის იყვნენ მასპინძელთა ფეხბურთელი გიგა სამხარაძე და სტუმართა წევრი თორნიკე შეყილაძე, რომლებმაც მეორე გაფრთხილება მიიღეს და მოედანი დატოვეს.

დამატებით დროში მატჩის ბედი ისევ გიორგი ცეცხლაძემ გადაწყვიტა – მან 105-ე და 109-ე წუთებზე კიდევ ორი გოლი გაიტანა, საბოლოოდ პოკერი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა. სწორედ მისი დახმარებით „სპაერი“ საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც გორის „დილას“ დაუპირისპირდება.