საქართველოს თასი | მეოთხე ლიგის გუნდმა „თელავი“ გააგდო - გადამწყვეტი პენალტი 16 წლის მეკარემ აიღო #1TVSPORT
საქართველოს თასი | მეოთხე ლიგის გუნდმა „თელავი“ გააგდო - გადამწყვეტი პენალტი 16 წლის მეკარემ აიღო #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/8-ფინალის კიდევ ორი მატჩი გაიმართა და სენსაცია დაფიქსირა – მეოთხე ლიგის გუნდმა, „ლოკომოტივი 2“-მა უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი გამოაგდო.

„ლოკომოტივი 2“ – „თელავი“ 1:1 (4:2 პენალტების სერია)

საგურამოს „ლოკო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილმა „ლოკომოტივის“ სარეზერვო გუნდმა, რომელიც ლიგა 4-ში თამაშობს, ეროვნული ლიგის „თელავი“ გათამაშებიდან გამოაგდო.

„ლოკომოტივის“ სარეზერვო გუნდმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და 55-ე წუთზე ანგარიში რევაზ ხინჩიაშვილის ეფექტური დარტყმით გახსნა. „თელავმა“ წონასწორობა 11 წუთში გიორგი კვერნაძის დარტყმით აღადგინა. 72-ე წუთზე „თელავის“ მცველი, ზურაბ თევზაძე არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ჯერ დამატებითი დრო დაინიშნა, შემდეგ პენალტების სერია, რომელიც თბილისელებმა 4:2 მოიგეს. „ლოკომოტივის“ 16 წლის მეკარე სოსო კოპალიანმა ერთი პენალტი მოიგერია, ერთიც „თელაველთა“ ფეხბურთელმა ძელს მოარტყა და დიდი სენსაცია დაფიქსირდა – „ლოკომოტივის“ რეზერვისტები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

„დინამო 2“ – „დილა“ 1:4

გორის „დილამ“ პირველივე წუთებიდან უპირატესობა მოიპოვა „დინამო თბილისის“ დუბლშემადგენლობასთან. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე თორნიკე ჯანგიძის ავტოგოლით გაიხსნა, ერთ წუთში კი ტიერი გეილიმ გორელების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

გორელთა ბარბადოსელმა ლეგიონერმა 66-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ფრანცისკო მადინგამ 81-ე წუთზე „დილა“ კიდევ უფრო დააწინაურა, მაგრამ ორ წუთში ზურაბ ერაძემ სხვაობა შეამცირა და მეოთხედფინალში გორელები გავიდნენ.